Mercedes SLK-ს წლების განმავლობაში არაერთი
ეპითეტი მიუძღვნეს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
«ქალების ფერარი» იყო. მამაკაცები მასში ნაღდ კაცურ სტილს ვერ
ხედავდნენ. არადა, SLK ჰარდტოპიანი კაბრიოლეტების პიონერი
გახლდათ და მისი მიზანი არა მარტო სილამაზე, არამედ
სპორტულობაც იყო. მაგრამ SLK-ს ძალიან დიდხანს შერჩა «ქალაჩუნა
კაცების მანქანისა» და «ქალების ფერარის» სახელი.
შტუტგარტელებმა ახლახან SLK-ს უახლესი
ვარიანტი შექმნეს და შეიძლება ითქვას, მაქსიმუმი გააკეთეს
იმისათვის, რომ ძველი შეფასებები დავიწყებას მიეცეს. ამის მიღწევა კი,
პირველ რიგში SLS-ის მკაცრი სახით სურთ, რომელიც SLK-ში სრულად არა,
მაგრამ ძალიან დიდი დოზით გადაიტანეს. მაგრამ ახლა სულ სხვა
კითხვა გვიჩნდება: იქნებ ასეთი სახე ზედმეტს გვპირდება და
შვაბმა კაბრიომ არც ამ მხრივ გაამართლოს იმედები? ზედმეტში იმას
ვგულისხმობთ, რომ ასეთი სახე ავტომობილისგან მეტ სპორტულობას
და სიმკაცრეს მოითხოვს. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ავიღეთ
SLK 250, 204 ცხენის ძალით. მთელი ეს სიამოვნება
ავტომატიკასთან და ოფციონალურ «მოხვევის პირდაპირ
სისტემასთან» ერთად 44 577 ევრო ღირს. ამაზე დაბალი სიმძლავრის
SLK-ს კი მანქანის სპორტულად ტარების მოყვარულებს ნაღდად არ
ვურჩევთ, რადგან ავტომობილი 1.5 ტონას იწონის.
ისე, არც მისი კონკურენტები არიან
მსუბუქები, სამაგიეროდ, SLK-ზე გაცილებით იაფად ფასობენ: აგერ,
მაგალითად Audi TT 211 ცხენის ძალით, რომელიც 35 050 ევრო ღირს და
«მერსედესის» დარად, ოთხი ცილინდრითა და ტურბირებული
ძრავითაა წარმოდგენილი და BMW Z4 204 ცხენის ძალით, რომლის ფასი
36 400 ევროდან იწყება და რომელიც 6 ცილინდრით იწონებს თავს.
მთავარი კითხვები კი ასე ჟღერს: ჩააბარებს SLK სპორტულობის
ტესტს? ან იქნებ სხვა კრიტერიუმებში გამარჯვებით სურს თავისი
ძალიან მაღალი ფასის გამართლება?
პასუხი: Mercedes SLK 250 სპორტულობის
იმედებს პირველივე კილომეტრებზე გაგიცრუებთ. მისი
ავტომატური კოლოფი კომფორტულია, მაგრამ ტემპერამენტი კი აშკარად
აკლია, რადგან გადართვების დროს წელავს (მნიშვნელობა არა აქვს,
რომელ რეჟიმს ჩართავთ). სპორტულობის თვალსაზრისით ვერც
1.8-ლიტრიანი ძრავა გვაოცებს: სტრესის დროს ძალიან იძაბება,
მაღალ ბრუნებზე კი საერთოდაც იტანჯება.
SLK-ს საუბედუროდ უნდა ითქვას, რომ მას
არც სვლის თავისებურებები აქვს ისეთი, კონკურენტები
სპორტულობაში რომ დაჯაბნოს. მართალია, მკვეთრ მოსახვევებში
შესვლას დიდი მონდომებით იწყებს, მაგრამ კურსის მცირე და სწრაფ
ცვლილებასაც კი მწყობრიდან გამოყავს. გარდა ამისა,
«მერსედესის» თავმომწონე როდსტერი პატარა პროვოკაციაზეც
იოლად წამოეგება, ნიანგივით იქცევა და უკანალს ვეღარ
აკონტროლებს - და ეს ყველაფერი გააქტიურებული ESP-ს დროს
ხდება!
ეს რაც შეეხებოდა სპორტულობას.
სამაგიეროდ, SLK-ს სხვა კრიტერიუმებში აქვს სერიოზული
პლუსები. მაგალითად, ის ყველაზე ეკონომიურია (ამაში
სტარტ-სტოპ-ავტომატიკაც ეხმარება) და ყველაზე
კომფორტულიც. სალონის სივრცის მიხედვით ორივე კონკურენტს
ჯობნის და ხმაურიზოლაციაც BMW-სა და Audi-ზე კარგი აქვს. ერთი
სიტყვით, ეს არის ზაფხულის ლამაზი, კომფორტული
ლუქს-კრუიზერი, რომელსაც მეტი სპორტულობა ნამდვილად არ
აწყენდა.
ხოლო თავიანთ სპეციფიკურ ნიშას,
სპორტულობას, მისი კონკურენტები ხელიდან არ უშვებენ.
მაგალითად, «აუდის» ორადგილიანი GTI ძალიან საინტერესო
სპექტაკლს გვთავაზობს. მისი ოთხცილინდრიანი, ტურბირებული
ძრავა გულიანად იკბინება, მაღალ ბრუნებს ვაჟკაცურად უძლებს და
თუ სპორტულ რეჟიმსაც ჩართავთ, დაკიდება ძალიან ხისტი და
იდეალურად სპორტული ხდება. Audi TT საკმაოდ მარტივი სამართავია,
ამავდროულად, სპონტანურობა ახასიათებს და თან
ყურადღებიანიცაა - ეს არის ავტომობილი, რომელიც ნებისმიერ
დროს კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და სულაც არ ჭირდება
რაღაც-რაღაცების დამტკიცება. ამავდროულად, TT შორ გზაზე
წასვლისთვისაც გამოდგება, რადგან სალონიცა და საბარგულიც
საკმაოდ ტევადი აქვს. თუმცა კომფორტი მისთვის არ არის მთავარი
თემა. ღია მდგომარეობაში მგზავრობისას «აუდი» უფრო
ხმაურიანია, ვიდრე მისი კონკურენტები - მიუხედავად იმისა,
რომ სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობა აქვს, თუმცა ეს
დამატებითი ოფციაა და 1 015 ევრო ღირს.
საერთოდ, «აუდის» დამატებითი
ოფციების პოლიტიკა TT-ს შემთხვევაში ძალიან ცუდ, უკბილო
ხუმრობას გავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალო
კლიმატკონტროლიც კი არ არის სერიული! ინგოლშტადტელები
გადაცემათა კოლოფის გზების დამოკლებაშიც კი ფულს (195 ევრო)
ითხოვენ - უკაცრავად, მაგრამ სპორტულ ავტომობილს მინიმუმ ეს
მაინც უნდა ქონდეს სერიულად! BMW ამ თვალსაზრისით გაცილებით
კეთილგანწყობილია. მისი ყველაზე ძვირადღირებული ფასიანი
ოფცია ადაპტური ამორტიზატორებია (1 230 ევრო). ზოგადად, Z4-ის
შემთხვევაში BMW კლასიკას არ ღალატობს: ინტიმური კოკპიტი,
მოკლე კიჩო, ძრავა წინ, ამძრაობა უკან, ხოლო მის
ექვსცილინდრიან ძრავას აღფრთოვანებაში მოვყავართ -
მოკლედ, აქ ყველაფერია, რაც BMW-ს ფანებს ძალიან უყვართ.
2.5-ლიტრიანი აგრეგატი ცალკე
სალაპარაკო თემაა - მართალია, მასში ნამდვილი სიმძლავრე
მხოლოდ მაღალ ბრუნებზე მუშაობისას უნდა ეძებოთ, მაგრამ ეს
სულაც არ არის ნაკლი მაშინ, როცა ძრავას მაღალ ბრუნებზე მუშაობა
სიამოვნებს. სასიამოვნოა გადაცემების გადართვაც და მერე
რა, რომ Z4 არ არის ისეთი სპონტანური, როგორიც TT, სამაგიეროდ,
საქმეს «აუდიზე» გაცილებით სერიოზულად ეკიდება.
გაწონასწორებული მართვა, ზომიერი კომფორტი, უმაღლესი
ხარისხის სპორტულობა და ელექტრონიკა, რომელიც ყოველთვის
მზადაა, დაგეხმაროს - ამ ყველაფრიდან გამომდინარე, BMW-ს
გამარჯვება ქულების მიხედვითაც არავის არ უნდა გაუკვირდეს.
1. BMW Z4 sDrive 23i - 350 ქულა
ყველაზე სპორტული პროპორციები, «გემრიელი»,
ექვსცილინდრიანი ძრავა, სვლის იდეალური დინამიკა - და რაც
ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი საკმაოდ კარგ კომფორტთან
ერთად. მინუსები: სივიწროვე სალონში და საწვავის მაღალი
ხარჯი.
2. Audi TT Roadster 2.0 TFSI - 340 ქულა
ავტომობილი, რომელიც GTI თაობიდან საუკეთესო
კაბრიოლეტს გვთავაზობს. მარტივად სატარებელი, სპორტისა და
კომფორტის ნორმალური ნაზავით, ტემპერამენტიანი და
მოხდენილი ავტომობილი. მინუსები: წინა ამძრაობა,
ხმაურიანობა.
3. Mercedes SLK 250 - 337 ქულა
მაღალი ხარისხის მასალები, იდეალური
კომფორტი. SLK სწრაფიცაა და ამავდროულად ეკონომიურიც, თანაც,
SLS-ის სახე აქვს. მინუსები: ძვირია და არასპორტული
დასკვნა
ოდნავ აცდენა უკვე გზიდან გადასვლას ნიშნავს -
SLK ვერ გახდა სპორტული როდსტერი. მართალია, ყველაფერი
«მერსედესისთვის» დამახასიათებელი სიზუსტითაა
შესრულებული, მაგრამ ასეთ ავტომობილში პირველი რიგში მაინც
სვლის კულტურა გვაინტერესებს ხოლო SLK-ს სპორტულობა არ
გამოსდის. მიუხედავად ამისა, ორივე კონკურენტზე გაცილებით
ძვირია. მეტოქეები კი უფრო კონცეპტუალურები არიან: Audi TT
მშვენიერი ორადგილიანი GTI კაბრიოლეტია, BMW Z4 კი
კლასიკური სპორტული როდსტერი, რომელიც ამავდროულად
კომფორტულიცაა. ინფორმაციის წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий