BMW M3 ისევ ბრწყინვალე ფორმაშია, რასაც მხოლოდ
მაშინ ვხვდებით, როცა სპეციალურად ამ შედარებისთვის გადაკეტილ ტრეკზე
შევდივართ. ეს არის ადგილი, სადაც ასეთი ავტომობილები ორთქლს უშვებენ
ხოლმე. ჩვენ აქ მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ვართ და
არა გასართობად, ისე კი, კარგი იქნებოდა, რომ M3-ის ყველა მფლობელი
ცდილობდეს ასეთ ტრეკზე მოხვედრას, რადგან ჩვეულებრივ ქუჩებში ამ მანქანას
ან ფასი ეკარგება, ანაც თუ ტრეკზე საკეთებელს ქალაქში გააკეთებ, გართობა
დიდხანს არ გაგრძელდება. აქ M3-ის თავისი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი
ეძლევა და პრინციპში ჩვენც ვერთობით მისი ძრავის ხმით, მისი ცეკვით,
მოსახვევებში ცხვირის მოხდენილად შეყოფით და მარჯვენა ფეხის ისევ ბოლომდე
ჩაძირვით - აი, კლასი, აი, სიამოვნება!
...და რა ხდება ამ დროს მეორე საჯინიბოში?
«მერსედესის» მენიუში M3 Coupé-ს ღირსეული კონკურენტი გვაკლდა, ახლა კი
სცენაზე C 63 AMG-ის სახით სწორედ ის ავტომობილი გამოდის, რომელმაც
ბავარიულ სპორტულ ეტალონს კონკურენცია უნდა გაუწიოს, ან, როგორც შტუტგარტში
ამბობენ, სეირი უჩვენოს. იგივე ფორმატი, იგივე ბაზა, მაგრამ კაპოტქვეშ
ტურბო არ ჩანს — პირდაპირ Fullsize-V8-სთან, 6.2-ლიტრიან უმძლავრეს
აგრეგატთან გვაქვს საქმე, რომელიც მაღალ ბრუნებზე მუშაობს და ღრმად
სუნთქავს. გასაგებია, რომ მალე ამ ტიპებს ტურბინიანი ძრავებითაც ვიხილავთ -
დამატებითი სასუნთქი მილებით, საწვავის ოპტიმირებული ხარჯით და ა.შ.
მანამდე კი არსებულს მივხედოთ: მაშასადამე, ბრუნების პროფესორები
ერთმანეთის წინააღმდეგ!
ძრავების ტიპები ერთნაირია, მაგრამ «მერსედესს»
ამ შემთხვევაში მეტი სიმძლავრე აქვს. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ: 50 პროცენტით
მეტი მოცულობა, 50 პროცენტით მეტი ბრუნის მომენტი! ამასთან, 37 ცხენის
ძალით მეტი, რაც საერთო ჯამში C 63 AMG-ში 457 ცხენის ძალას ქმნის. მაგრამ
მედალს მეორე მხარეც აქვს - ყველაფერი როდი ბრწყინავს, რაც ქაღალდზე წერია:
თუკი M3-ის შემთხვევაში ზეიმი 8300 ბრუნზე მთავრდება, AMG გაცილებით
ცივილურია — 5000 ბრუნზე თავს კარგად გრძნობს, 7200 შეუძლია, მაგრამ ასეთ
მწვერვალზე BMW-ს V8 აგრეგატი თავს უფრო კარგად გრძნობს. ჰო, ჰო,
სამაგიეროდ, «მერსედესი» შედარებით მშვიდად დადის, სისწრაფის შედარებისას
კი ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ M3 163 კილოგრამით მსუბუქია.
BMW-ს M-ის უნაკლო, ორმაგი შეჭიდების გადაცემათა
კოლოფი აქვს, რომელიც საფეხურიდან საფეხურზე გემრიელად გადადის და
ავტომატიკის რეჟიმშიც სრულყოფილია. ბენცში ცნობილი AMG-ავტომატიკაა
წარმოდგენილი შვიდი საფეხურით, რომელიც ასევე არ არის ცუდი, მაგრამ BMW-ს
კოლოფთან შედარებით, ქვემოთ გადართვისას ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტი არ
არის.
იმის შეგრძნება, რომ BMW M3 სპორტული ჟინით C 63
AMG Coupé-ს მაინც ჯობია, მოსახვევებში ძლიერდება. იმ დროს, როცა
ბავარიელი მძღოლის ყველა მითითებას ასპროცენტიანი სიზუსტით ასრულებს,
«მერსედესი» დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მკვეთრ მოსახვევში
შესვლისას «მერსედესის» მოხვევის სისტემა არ არის ისეთი პირდაპირი, როგორიც
BMW-სია. პრობლემა არ არის, რადგან C 63 AMG Coupé კარგად დამორჩილებადია,
უბრალოდ, სპორტული თვალსაზრისით არ არის ისეთი გაწონასწორებული, როგორც
M3.
გასაოცარი ის არის, რომ BMW-ში სპორტულობის
მაღალ დონეს კომფორტი არ ეწირება - თუ არ ჩავთვლით ასეთი სიმძლავრისა და
ზოგადად ძრავის მქონე ავტომობილისთვის დამახასიათებელ ხმაურს, რაც დროთა
განმავლობაში ნერვებს მოგვიშლის. «მერსედესი» ამ თვალსაზრისით უფრო
მოხდენილია.
M3-მა გაიმარჯვა, მაგრამ მხოლოდ ქულებით. რაც
უნდა იყოს, C 63-საც განსაკუთრებული შარმი აქვს: უაღრესად ტემპერამენტიანი
და ცოტა არ იყოს, დამღლელი BMW-ს ფონზე, მისი გაწონასწორებულობა გადაკეტილი
ტრეკის მიღმაც სასიამოვნოა.
ჯამი
1 - BMW M3 Coupé - 340 ქულა
კომპაქტური სპორტული კუპეების კლასში ეს ავტომობილი
კვლავინდებურად პირველია — შესანიშნავი V8 ძრავა, საუცხოო დინამიკა, ნაღდი
სპორტული ხმა. ერთი ეგაა, რომ ზედმეტად ძვირი გვეჩვენება
2 - Mercedes C 63 AMG Coupé - 325 ქულა
ძრავის მოცულობა სამეფოა: 6.2 ლიტრი! სამწუხაროდ, C 63-ს
აკლია სვლის დინამიკის ის ნიჭი, რაც M3-ში ასე მოგვწონს. სამაგიეროდ, C 63
AMG Coupé ფასთან შესაბამისობით ჯობნის მეტოქეს, რაც «მერსედესის»
შემთხვევაში, დაგვეთანხმებით, დასაფასებელი მოვლენაა. ინფორმაციის წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий